суббота, 2 мая 2009 г.

უძეგლო ქანდაკება


 

ჩქარჩქარა ვიცვამ ტანსაცმელს. თავში უფრო ჩქარჩქარა გამიელვებს ხოლმე “გოგოები ხომ ბევრს ფიქრობენ რა ჩაიცვან, თმას რა მოუხერხონ…მე რააა მჭირს !”… რა დროს ეგაა. “დე, ანა უნდა ვნახო, ცოტა გვიან მოვალ”… “კიი, გიწერია იქ ანას ნომერიც”… მივჭრიალდი აღმაშენებლამდე. იქ დგას. თებერვლის ბოლო მატყუარობს. დღისით გაზაფხულობს, საღამოს ნამდვილსახეობს. მცივა. მარტო მარცხენა ხელი მაქვს გამთბარი მისი ქურთუკის ჯიბეში. უხვდუმილიანად ვლაპარაკობთ. სანამ მივვალთ. თეატრთან სულ ვჩერდები ხოლმე. თითქოს ზეპირად არ ვიცოდე აფიშა. ქალი ძაღლით…პიგმალიონი…ქალი ძაღლით…ქაქუცა… უბრალოდ მომწონს აქ გაჩერება. ჩვენი გზის შუაშია თეატრი… ხიდზე უფრო გაბედულად “უბერავს” ქარი. “ვიღაც ზის ჩვენს სკამზე”… სულ ასეა.. აქ რომ მოვდივართ, ეს ყოველთვის ჩვენს სკამს უყურებს შორიდანვე, მე სულ ამ “უთავო ქანდაკებას”..შორიდანვე. “მალე წავა ეს კაცი,ღამით ვინ ასეირნებს ძაღლებს”… “ნეტა რას ვათვალიერებ ხოლმე ამ ძეგლს..თითქოს ვინმე “მოაბამდეს თავს” ჩვენი მოსვლიდან მოსვლამდე..” …. “ჰა?” “არაფერი.. ამაზე ვთქვი..” თავით ვაჩვენებ. “კაცი ძაღლით” გვტოვებს. ცოტა ხნით მავიწყდება უძეგლო ქანდაკება თუ უქანდაკებო ძეგლი. ვთბები… ზურგით მივეხუტე მას და ეს ისევ წინ ამესვეტა.. არა. სვეტიც რომ არაა? “ანამ რომ თქვა გახსოვს? გოგოს გადავუღეთ ფოტო ამ ძეგლზეო. სულ უთავობას ადამიანის თავი ჯობია ძეგლად?” “შენ კიდე მაგაზე ფიქრობ?” რა აცინებს. “კაი რა. ეგ რა საფიქრალია. საოცრება ხარ. თან ჩემი”… ისევ გამიფანტა აზრები. მართლა რა საგონებელია. მაინც მეფიქრება. რისთვის უნდა დადგა ძეგლი უძეგლოდ. “უკვე ვეჭვიანობ”… “რაზე?” “ამ უთავოზე…პხხ” აგდებულად ამბობს. რამდენი ამისნაირის შერქმეული ამისნაირი სახელი ქვია ალბათ “უთავოს”. “თან ქარი როა…ასეთ ამინდში მელანქოლიკი ვხდები. ასეთ რამეებზე მეფიქრება ხოლმე” ვეუბნები და პასუხს არ ვაცლი. ძეგლს ვავიწყებ :D

  ***

დილის მესიჯი. როგორც ყოველთვის. მაგრამ მე ისე აღარ ვიქცევი, როგორც ყოველთვის. უკვე რამდენი დღეა აღარ ვპასუხობ. მარტო ძალიან იშვიათად. ჟიუტად მთხოვს ყველაფრის ახსნას... ვხვდები ვალდებული ვარ, ასეც მოვიქცე. “ხვალ მოდი ჩვენს უძეგლოსთან. გავარკვიოთ..” პირდაპირ იქ მივედი. თავი ავარიდე ხელის გათბობას. მარტოს მინდოდა იქ ჯდომა. ამაკანკალა. ვერც ძეგლზე ვიფიქრე, ვერც მის უთავობაზე. “სად ხარ პატარა. უკვე 15 წუთია გელოდები ;( “ “პირდაპირ იქ მივედი” “კაი, 2 წუთში მანდ ვარ”. გვერდით უხმოდ ჯდება. დეტონატორიანი სიჩუმე. (რამდენი გვიცინია ამ სიტყვაზე. ერთ ღამეს შუა ლაპარაკში ყურმილზე ჩამოეძინა და ბოდავდა. დეტონატორი საიდან მოიტანა არ ვიცი. სულ დავცინოდი მერე მაგაზე). “რამე მითხარი რა, გთხოვ” . ხმას ვერ ვიღებ. აქამდე სიზმარში თუ მომსვლია ასეთი რამ. თევზივით ვარ. ჰაერი მახრჩობს და ხმა არ ამომდის. თავისით მიხვდა ყველაფერს. ვერ ვუყურებ. უძეგლოს მივჩერებივარ.. ცრემლები მახრჩობს, მაგრამ გარეთ არ ვუშვებ. ეტყობა შემამჩნია ცუდად რომ ვარ. “ნერვიულობ, გგონია შენ მიმატოვე და იმიტომ ხო? გგონია ცუდად გავხდები? შემომხედე, რა მიგავს ცუდად მყოფს. კარგად გავერთე. ეხლა თავისუფალი ვარ…” მეხუტება. “ჩემი ჭკვიანი გოგო…კარგია შენით რომ მიხვდი, რომ არ მიყვარდი..მე რომ მიგატოვებდი, უფრო გაგიჭირდებოდა”… მთელი ტანით ცახცახებს. სახეს ჩემ თმებში მალავს. ვითომ ვერ ვხედავდე. “გგონია, ან ეს უძეგლო მიყვარს, ან ეს გაყინული სკამი? ან აქ სიცივისგან გაკრუნჩხვა შენნაირ არანორმალურთან? კაი რა თე… მასეთი გულუბრყვილო როგორ ხარ…” უფრო და უფრო ვეხუტები პატარა ბავშვივით. გული გამისკდება ამ კარგ ადამიანს რომ არ მოვეხვიო. ……………… ჩვენ წავალთ და ეს თავნება ქარი ძეგლის ადგილი რომ დაუპყრია და თამამად დაქრის მის ადგილას… ჩვენ რომ დავტოვებთ იმ სიცარიელესაც შეავსებს…





“შენ მოკვდავი ხარ… ალბათ ეს არის
სხვა ლაქებს შორის ლაქა ყველაზე,
ჩვენ რომ არა გვყავს, იმ ბავშვის ნაცვლად
ქანაობს ქარი საქანელაზე… “



15.03.09
თეი



Комментариев нет:

Отправить комментарий